
არქივი

ოქტ 25, 2023
გამოიცა ეგონ ველესის ბიზანტიური მუსიკის და ჰიმნოგრაფიის ისტორიის ქართული თარგმანისაქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი – „ეგონ ველესის წიგნის, ბიზანტიური მუსიკის და ჰიმნოგრაფიის ისტორია, ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა“. ველესის ეს ფუნდამენტური ნაშრომი (471 გვერდი) აერთიანებს თვით ავტორისა და სხვა ბიზანტინისტების უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მიღწევებს ბიზანტიური მუსიკის, ჰიმნოგრაფიისა და ქრისტიანული ღვთისმსახურების ისტორიის სფეროში. მეცნიერთა თაობების ცვლის მიუხედავად, იგი დღემდე მკვლევრების სამაგიდო წიგნად რჩება.
აღნიშნული პროექტი მიმდინარეობდა 2017-2018 წლების განმავლობაში; წიგნი დაიბეჭდა 2019 წლის იანვარში სტამბა „ფავორიტი პრინტის“ მიერ (ტირაჟი – 500 ეგზემპლარი). თარგმანი განხორციელდა აღნიშნული შრომის უახლესი (ISBN 0 19 81611 5, Oxford University Press: 1980) გამოცემის მიხედვით. გალობის ცენტრმა ოქსფორდის გამომცემლობისგან შეიძინა წიგნის ქართულად თარგმნის უფლება (ხელშეკრულება ოქსფორდის გამომცემლობასთან გააფორმა საგამომცემლო-საგანმანათლებლო ცენტრმა „სპეკალი“).
წიგნზე მუშაობდნენ: ზაალ წერეთელი – პროექტის ხელმძღვანელი, მთარგმნელი, მუსიკალური მასალის რედაქტორი, დამკაბადონებელი, ბერძნულენოვანი ტექსტების ამკრეფი, მენეჯერი; ლალი კაკაბაძე – ქართული ტექსტის რედაქტორი; კონსულტანტები: ჯონ გრემი, მაგდა სუხიაშვილი, ედიშერ ჭელიძე, სერგო მეგენეიშვილი;
ეგონ ველესის ფუნდამენტური კვლევის ქართულენოვანი გამოცემა განკუთვნილია მკვლევართათვის და, ზოგადად, ბიზანტიური კულტურით დაინტერესებულთა ფართო წრისთვის.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა