ჩვენ შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1998 წელს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი დაარსდა. ამ დროისთვის საგრძნობლად იმატა ქართული კანონიკური გალობის შესწავლის მსურველთა რიცხვმა, გაიზარდა მეცნიერული ინტერესი მის მიმართ, ისევე როგორც ქრისტიანული ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ.


საეკლესიო გალობის ცენტრის შექმნას წინ უძღოდა გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის, ხოლო მოგვიანებით – ხატწერის სახელოსნოს დაფუძნება. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული გალობით მზარდი დაინტერესების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ანჩისხატის ტაძრის გუნდის კვალდაკვალ ახალგაზრდა თაობის მგალობელთაგან შედგენილი არაერთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლებმაც ძირძველი სამგალობლო ტრადიციების აღდგენა დაისახეს მიზნად და საღვთისმსახურო პრაქტიკაში კვლავ ააჟღერეს მივიწყებული საგალობლები. მგალობლები სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცულ საგალობელთა ხელნაწერებს ხელით იწერდნენ და ამრავლებდნენ. მათი გამოცემის აქტუალობა სულ უფრო მეტად იკვეთებოდა. ცხადი გახდა, რომ სამგალობლო ტრადიციების აღდგენისთვის თანმიმდევრული, მრავალმხრივი და სათანადოდ ორგანიზებული საქმიანობის წარმართვა იყო საჭირო. ამისთვის ანჩისხატის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელმა, მალხაზ ერქვანიძემ, თანამოაზრეებთან ერთად (კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი და მუსიკისმცოდნე მაგდა სუხიაშვილი) და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (იმხანად პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი) მხარდაჭერით, წამოჭრა საეკლესიო გალობის ცენტრის შექმნის ინიციატივა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, თანადგომამ არ დააყოვნა და მალევე საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი დაარსდა.


თავდაპირველად ცენტრს რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ხელმძღვანელობდა. შემდგომში – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). 2006 წლიდან საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).


ცენტრის წევრები თავდაპირველად იყვნენ: მალხაზ ერქვანიძე, თინათინ ჟვანია, ქეთევან მათიაშვილი, მაგდა სუხიაშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, დავით შუღლიაშვილი, თამარ გურგენიძე, ლია სალაყაია, გიორგი დონაძე, სვიმონ ჯანგულაშვილი, ლევან ვეშაპიძე, თამაზ გაბისონია და სხვანი; საპატიო წევრებს წარმოადგენდნენ: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ნოდარ მამისაშვილი და მანანა ანდრიაძე, ხოლო მოგვიანებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები იყვნენ: მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და მიტროპოლიტი იოანე (იმჟამად პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი), დეკანოზი ბიძინა გუნია და მღვდელი მიქაელ წულუკიძე. ზოგიერთი მათგანი ცენტრთან ინტენსიურ თანამშრომლობას დღესაც აგრძელებს.

დაარსებისთანავე ცენტრი აქტიურ სამეცნიერო-შემოქმედებით თუ საგანმანათლებლო მუშაობას შეუდგა. მისი მრვალმხრივი საქმინობის სტრატეგიას თავიდანვე ქართული კანონიკური საეკლესიო გალობის აღორძინება და საღვთისმსახურო პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენდა.

ცენტრის წევრებს მუშაობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგამომცემლო საქმიანობის წარმოება, სხვადახვა სამგალობლო სკოლის საგალობელთა ხელმიუწვდომელი ნიმუშების გამოქვეყნება ესახებოდათ. საჭირო იყო სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცულ მრავალრიცხოვან საგალობელთა სანოტო ხელნაწერების რედაქტირება და დაბეჭდვა. დღეისათვის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წევრების მიერ გამოცემულია ოცამდე კრებული (მათში შესულია მწუხრის, ცისკრის, წირვის, საუფლო და დიდი დღესასწაულების, დიდმარხვის, ზატიკისა და სხვ. საგალობლები და სხვ.); ათზე მეტი კომპაქტ-დისკი თუ აუდიოალბომი.


ცენტრის მუშაობის პრიორიტეტებს შორისაა, ასევე, სამეცნიერო და პოპულარული სტატიების, წიგნებისა და ბროშურების გამოქვეყნება სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებსა თუ კრებულებში; მეცნიერთა მრავალი წერილი და ნაკვლევი დაიბეჭდა საპატრიარქოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებში („ნათელი ქრისტესი. საქართველო“, „რწმენა და ცოდნა“, „საპატრიარქოს უწყებანი“). 2006-2007 წლებში ცენტრი გამოსცემდა ყოველთვიურ გაზეთს „ქართული გალობა“.


ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით 2002 წელს ალავერდის საკათედრო ტაძარში აღვლენილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი სრულიად გალობით (მგალობელ ვაჟთა ხუთი გუნდის მონაწილეობით); ხოლო 2015 წლის 6 ოქტომბერს ახალი შუამთის დედათა მონასტერში შესრულებული იესო ტკბილის პარაკლისი სრულიად გალობით (ანტიფონური შესრულებით ქალთა გუნდის, „სათანაოს“ მიერ); ზემოხსენებული პარაკლისები მანამდე მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ აღვლენილა.


2003 წლის 4 მაისს გალობის ცენტრის ინიციატივით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება – ქართული გალობისადმი მიძღვნილი საღამო და გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საგალობელთა ნევმირებული და ნოტირებული ხელნაწერები და გალობის მოამაგეთა ფოტოები. ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახ. კონსერვატორიის მეცნიერთანამშრომლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ქართული საეკლესიო გალობის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა. მას ესწრებოდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. მოგვიანებით გამოფენები მოეწყო საჩხერეში და ბათუმში.


გალობის ცენტრის დაარსების შემდეგ მოკლე ხანში მისი წევრების მუშაობა წარიმართა, ასევე, ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის უარმყოფელთა (ე. წ. „ბიზანტიური გალობის შემსწავლელთა ჯგუფის“) მიერ გავრცელებული მცდარი მოსაზრებებისა და საშემსრულებლო პრაქტიკის აღმოსფხვრელად. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქართული სიტყვებით ბერძნულ საგალობელთა ჰანგების აჟღერება საღვთისმსახურო პრაქტიკაში. ამ და სხვა საკითხების მეცნიერული განხილვის მიზნით 2001 წელს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართული საეკლესიო გალობა. ერი და ტრადიცია“, რომლის მასალები იმავე წელს გამოქვეყნდა (დაიბეჭდა ცენტრის არაერთი სპეციალისტის მოხსენება); 2002 წელს გამოიცა წიგნი „ქართული გალობის თანამედროვე პრობლემები“ (რედაქტორი: მანანა ანდრიაძე), რომელმაც სრულიად გააქარწყლა გალობის კანონიკის თაობაზე არსებული უსაფუძვლო მოსაზრებები; გარდა ამისა, ზემოხსენებულ პრობლემურ საკითხებზე გალობის ცენტრისა და თბილისის სახ. კონსერვატორიის სპეციალისტთა მონაწილეობით ჩატარდა არაერთი შეხვედრა და საჯარო დისკუსია, რომლებსაც სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (იმჟამად პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი).


2003 და 2010 წლებში გამართულ წმიდა სინოდის კრებებზე საეკლესიო გარდამოცემით ჩვენამდე მოღწეული სულიერი მემკვიდრეობის, ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის, საღვთისმსახურო პრაქტიკაში მისი დანერგვის აუცილებლობის და გალობის ცენტრისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობათა საკითხებზე იმსჯელეს წმინდა სინოდის წევრებმა. საქართველოს ეკლესიის 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის დადგენილებაში ნათქვამია: „ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე. წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ახლო მომავალში თანდათან შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ“.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს 2010 წლის 21 დეკემბერს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზეც, რომლის თანახმადაც „საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს მრავალხმიანი ქართული გალობით“.

წმიდა სინოდის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშესაწყობად საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს არაერთი პროექტი.

2004 წლიდან მოყოლებული, ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტების ფარგლებში თბილისისა და თბილისის მახლობლად მდებარე ეკლესია-მონასტრების მგალობელთა გუნდებს ჩაუტარდათ კონსულტაციები და მასტერკლასები, რაც ქართული მრავალხმიანი კანონიკური სამგალობლო რეპერტუარის დანერგვას და გუნდების საშემსრულებლო დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად; გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში ცენტრის მიერ მივლინებულმა სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს გუნდები, ჩაატარეს ლექციები და ნაყოფიერად იმუშავეს მგალობელთა საშემსრულებლო ოსტატობის გასაუმჯობესებლად.

2015 წლის 25 მაისის წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, განხორციელდა საეკლესიო გალობის ცენტრის რეორგანიზაცია და მის საფუძველზე შეიქმნა „საეკლესიო გალობის კვლევისა და სწავლების ცენტრი“.

უკანასკნელი წლებია ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული გალობის შესრულების სწორი მანერისა და კანონიკური ფორმების, მათ შორის, ანტიფონური გალობის წესის დანერგვა საქართველოს ეკლესია-მონასტრების საღვთისმსახურო პრაქტიკაში. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრის არაერთი პროექტი განხორციელდა. პროფესიონალიზმის ნიშნით საგანგებოდ შერჩეულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეპარქიის ღვთისმსახურებაში სათანადო (ავთენტიკურთან მიახლოებული) შემსრულებლობისა და ე. წ. „ხმათა მიმოგდებითი“ გალობის კანონიკური ფორმის აღსადგენად. საგალობელთა რეპერტუარის გაფართოებისა და შესრულების სწორი ფორმების საღვთისმსახურო პრაქტიკაში დანერგვისთვის დღესაც გრძელდება მუშაობა.