არქივი

ძლისპირებისა და კონდაკების კრებულის შესახებ

ოქტ 25, 2023

ძლისპირებისა და კონდაკების კრებულის შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე), ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა საგალობელთა კრებული "ქართული გალობა. გელათის სკოლა. VIII ტომი" (500 ეგზემპლარი). კრებულში შესულია 166 საგალობელი: აღდგომის ძლისპირები რვა ხმისა, საღვთისმსახურო წლიური ციკლის კატავასიები და აღდგომის კონდაკები რვა ხმისა წმიდა ფილიმონ მგალობლის (ქორიძის), წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით. კრებული გამოსაცემად მომზადდა გალობის ცენტრის პროექტის ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი: მაგდა სუხიაშვილი). საგალობელთა დიდი უმრავლესობა გამოქვეყნდა პირველად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგალობელთა გუნდების რეპერტუარის გაფართოებას.

კრებულის შემდგენელია მალხაზ ერქვანიძე (მუსიკალური რედაქტორი), რედაქტორი – ქეთევან მათიაშვილი. პარტიტურას ერთვის შენიშვნები, რომლებშიც ასახულია დედნისეულ ტექსტში შეტანილი სხვადასხვა სახის (კილოური, რიტმულ-ინტონაციური და სხვ.) ცვლილებები (შენიშვნები დართულია ქეთევან მათიაშვილისა და დავით ბერიძის მიერ).

 საგალობელთა მერვე ტომი ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ მას ერთვის აუდიო ალბომი.

აქ წარმოდგენილია კვირისა და საუფლო დღესასწაულების საცისკრო კანონებიდან (გალობანი) გამოკრებილი ძლისპირებისა და რვა ხმის კონდაკების აუდიო ჩანაწერები (ცნობილია, რომ გარკვეულ ძლისპირებს აქვს დასაფარებელი ძლისპირების – კატავასიების – ფუნქციაც). საგალობელთა ჩანაწერები შესრულებულია მგალობელთა სამი გუნდის – თბილისის მამა დავითის ტაძრის (ხელმძღვანელი: მალხაზ ერქვანიძე), მთავარანგელოზთა დასის სახ. ეკლესიისა (ხელმძღვანელი: ბესიკ მახათაძე) და რუსთავის ეპარქიის (ხელმძღვანელი: თორნიკე მერაბიშვილი) გუნდების – მონაწილეობით. საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისა და პროექტში ჩართულ უკლებლივ ყველა სპეციალისტის მიერ შესრულებულია უაღრესად შრომატევადი სამუშაო.   

ახალგამოცემული კრებული და აუდიო ალბომი მნიშვნელოვანი შენაძენია არა მხოლოდ მგალობელთათვის, არამედ საეკლესიო გალობით დაინტერესებულთა ფართო წრისთვისაც.

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

პროექტი "თბილისისა და თბილისის ახლომდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდების მოსმენა და მათთვის მასტერ-კლასების ჩატარება"

გაიგე მეტი
ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

ასურეთის ალგეთისპირა წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის გუნდმა გელათის სამონასტრო სკოლის საგალობლები შეისწავლა

გაიგე მეტი